ტრადიციულად, დეკემბრის პირველი კვირის განმავლობაში თბილისში სტარტს თბილისის კინოფესტივალი აიღებს, რომელიც წელს საიუბილეო, მე-20 წელს აღნიშნავს. 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით კინოთეატრი “ამირანი” კინოს მოყვარულებსა და პროფესიონალებს დატვირთული და მრავალფეროვანი განრიგით ხვდება. ფესტივალის პირველ დღეს, წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურის ღონისძიება ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით „ შანტაჟი“ / “Blackmail” (1929წ) გაიხსნება. ფილმის ჩვენება ცოცხალი მუსიკის თანხლებით ჩაივლის. სპეციალურად „ შანტაჟისთვის“ 2007 წელს შექმნილი მუსიკის ავტორი კომპოზიტორი ნილ ბრენდი დაესწრება გახსნის ცერემონიალს. კომპოზიციას შეასრულებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით.
თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია 8 დეკემბერს გაიმართება. დახურვაზე ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის ფილმი „ქორწილი“. წელს, „ოქროს პრომეთე“ მხოლოდ ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ:
1. საუკეთესო მხატვრული ფილმი
2. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
3. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი