27 ოქტომბერს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა 2019 წლის შემოდგომის საკონცერტო სეზონი „მოცარტომანიის“ ფესტივალით გახსნა, რომელიც მოიცავს სამ დღეს და შემდეგი ორი კონცერტი ჩატარდება 9 და 12 ნოემბერს. თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად ფესტივალზე სოლისტების რანგში წარდგნენ წარმატებული ქართველი მუსიკოსები: სანდრო თიგიშვილი, ოთარ მელიქიშვილი და ცოტნე ცოცხალაშვილი.
„სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე მეტად მოცარტის მუსიკა ზრდის ახალგაზრდა მუსიკოსს და ეს იყო ამ პროგრამის მთავარი მამოტივირებელი“-ორკესტრის ხელმძღვანელი და დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი.
როგორც უკვე აღვნიშნე, სოლისტების რანგში წარდგა სამი ქართველი მუსიკოსი, ისინი დიდი პაუზის შემდეგ კვლავ იხილა ქართულმა აუდიტორიამ. როგორც თვითონ აღნიშნეს, მათთვის დიდი პატივი იყო ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად დაკვრა:
„ძალიან საინტერესო იყო, მინდოდა ამ ორკესტრში დაკვრა, რადგან არიან ახალგაზრდები და მათთან მუშაობა არის შესანიშნავი, არის დიდი მოტივაცია და ინტერესი“-სანდრო თიგიშვილი.
„ეს ჩემთვის დიდი სიხარულია და ძალიან მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდულ ორკესტრში მომიწვიეს და ვუკრავ ამ შესანიშნავ ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებთან ერთად, ძალიან დადებითი ემოციებია. უკვე საფრანგეთში ვბრუნდები მოვალეობების გამო, თუმცა გული აქ რჩება, საქართველოში.“-ოთარ მელიქიშვილი.
„შესანიშნავი ორკესტრია, პირველად ვუკრავ ამ ორკესტრთან და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრჯერ მექნება ურთიერთობა ამ შესანიშნავ მუსიკოსებთან, დირიჟორიც უნიჭიერესი პიროვნებაა და საკმაოდ კარგი კონცერტი გამოვიდა, ორკესტრი იყო ფენომენალური, ქართული აუდიტორია კი ყველაზე რთული, რადგან სახლში დაკვრა ყოველთვის ყველაზე ძნელია, ყველა გიცნობს, ამით განსხვავდება უცხო აუდიტორია.“-ცოტნე ცოცხალაშვილი.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ფესტივალი „მოცარტომანია“ მოიცავს სამ კონცერტს, დარჩენილი ორი კონცერტი კი კვლავ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდება. ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა დაესწროს კონცერტ. 9 და 12 ნოემბერს შეასრულებენ კვლავ მოცარტის სიმფონიებს, მოწვეული სოლისტები კი იქნებიან თინათინ კიკნაძე, ნინო ჟვანია და თამარ ჟვანია.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის შემოდგომის სეზონი, როგორც ხელმძღვანელმა გვითხრა, შემდეგი კონცერტი ელექტრონული მუსიკის ჟანრში იქნება; საქართველოში ჩამოდის ბრიტანელი არტისტი ანა მერედიტი, რომელსაც ჩამოყავს თავისი ბენდი და ელექტრონიკა, სწორედ, მასთან ერთად დაუკრავს ორკესტი, ასევე იგეგმება საახალწლო გალა კონცერტიც.
ავტორი: სოფო გიორგაძე